
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი” წერს.
ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ნეპალის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, 341 უცხოელი მოგზაური დაკარგულად ითვლება, მათ შორის ინდოეთის 100-ზე მეტი მოქალაქე, აშშ-ის 3 მოქალაქე და დიდი ბრიტანეთის 12 მოქალაქე. დაკარგულთა შორის ადგილობრივი მოსახლეობაც არის.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 65 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე დაახლოებით შვიდი წუთით ადრე რეგიონში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ჩინეთის მხარეს მეწყერმა გირონგის სასაზღვრო პორტი დააზიანა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაზიანდა გზები, საკომუნიკაციო და ელექტროენერგიის ხაზები. სამაშველო ოპერაციებში 600-ზე მეტი მაშველი და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დაკარგული ადამიანების მოსაძებნად „ყველა ძალისხმევის“ გაღების, ასევე სტიქიის განმეორების თავიდან ასაცილებლად მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
0
0