21/12/2023
15:42
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელ მამაკაცებს ჯარში გაიწვევენ. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში თუ არ გამოცხადდებიან, მათ წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება განიხილება.
აღნიშნული განცხადება რუსტემ უმეროვმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც უმეროვმა აღნიშნა, აუცილებელია თანმიმდევრულობა. მისივე განცხადებით, მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რას ისწავლიან და რით აღიჭურვებიან, სად და როდის იმსახურებენ, როდის გათავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა 450 000-500 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს. მან ნოემბერში უმეროვსა და მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის დაავალა, მოეფიქრებინათ ახალი პროცედურა მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხის მობილიზებისთვის. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საჭირო იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხის განხილვა, ვიდრე ამ გეგმას ოფიციალურად დაუჭერს მხარს, მათ შორისაა დებულებები ჯარების როტაციისა და დემობილიზაციის შესახებ, რომელიც იმ ჯარისკაცებს შეეხებათ, რომლებიც თითქმის ორი წელია, იბრძვიან.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024