26/12/2022
21:06
პოლიტიკა
„დაუშვებელია, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცა პროტოკოლურად, ის გაიბუტოს და არ მივიდეს. პირიქით, სწორი ის არის, რომ მივიდეს იქ, ადგილზე და პატივი სცეს მან ელჩებს. თუ სკამი არასწორად დადგეს და ვერ აგვარებს სხვაგვარად, დადგეს ფეხზე და ისე ილაპარაკოს", ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას, კონფერენციაზე არდასწრების შესახებ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს “მეტი ჭკუა მოეკითხება”.
"სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც გაცილებით მეტი სახელმწიფოებრივი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, მეტი ჭკუა მოეკითხება. მთავრობაში რომ ჭკუა არავის მოეკითხება, ეს უკვე გავიგეთ, თუ მას მოეკითხება ჭკუა, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს „ელჩების კონფერენცია“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ზურაბიშვილი კონფერენციაზე არ მივიდა, რადგან როგორც მისმა ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.
„პროტოკოლური დარღვევა - პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, ეს დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
0
0