30/08/2023
17:49
პოლიტიკა
სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება.
ამასთან, როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, წყლის რაციონალური გამოყენების მსოფლიო პრაქტიკა მიმართულია წყლის რესურსის დაგროვებისა და წყალსაცავების მშენებლობისაკენ.
„საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტ მიწის ფართობს ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება და, შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება იყოს შესაძლებელი, აუცილებელი პირობაა მორწყვა (ირიგაცია) – ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში და დაშრობა (დრენაჟი) – ძირითადად დასავლეთ საქართველოში. ზემოაღნიშნულთან ერთად, გლობალური დათბობის პირობებში, მსოფლიო გამოწვევაა ტემპერატურის მატება, ნალექის რეჟიმის ცვალებადობა. წყლის რესურსი ყოველწლიურად მცირდება; სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა უფრო მეტად საჭირო ხდება.
ვიწყებთ ილტოს წყალსაცავის მშენებლობის განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, წყალსაცავის მშენებლობის სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას (FS), გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ჩათვლით. პროექტის განხორციელების შედეგად, მორწყვის (საირიგაციო) სეზონზე (ივნისი-სექტემბერი) მოხდება მდინარე ალაზნის აუზში არსებული წყლის დეფიციტის შევსება; წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების დაახლოებით 40 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. სარწყავი წყლის რეგულარული მიწოდება ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ათი ათასობით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. აღნიშნული წყალსაცავის კაშხლის სამშენებლო სამუშაოები 90 წლების კრიზისის დროს შეწყდა (დაიწყო 1986 წელს და გაგრძელდა 1990 წლამდე, მისი დაფინანსების შეწყვეტამდე). იმ პერიოდისთვის აშენებული ნაგებობები მთლიანად ამორტიზებულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტები განხორცილდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მშენებლობის მიმართულებებით. შედეგად, ქვეყანაში მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 3,5-ჯერ გაიზარდა. წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 45 000-დან 165 000-მდე, ხოლო დრენირებული 14 000-დან 45 000-მდეა გაზრდილი. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს არაერთი პროექტის დაგეგმვა-დამუშავება. ერთ-ერთი მათგანია ილტოს წყალსაცავი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
0
0