
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ევროკავშირი არიან „აფხაზეთის აგრესიული იზოლაციის სუბიექტები“.
„ყველა ეს სტრუქტურა ყოველდღიურად ბლოკავს ჩვენს კონტაქტებს. ამიტომ, ამ სტრუქტურებთან ურთიერთქმედება ძალზე არასასურველია. ამ სტრუქტურების მიერ დასახული ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა აფხაზეთში კრემლის ე.წ მავნე გავლენის შემცირება, აფხაზეთის დეოკუპაციაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას. როდესაც ჩვენ ღიად ვთქვით, რომ USAID-ის ოფიციალური ვებგვერდი ზუსტად ამ მიზნებს ადგენდა, ეს სტატია რამდენიმე დღეში წაიშალა. ეს მეტყველებს მანიპულირების დახვეწილ მეთოდებზე, რომლებსაც ჩვენი ოპონენტი და მოწინააღმდეგე იყენებს“, - განაცხადა არძინბამ სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრში გამართულ დისკუსიაზე.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეჭვი არ ეპარება ვლადიმერ პუტინის გამარჯვებაში, თუ გავითვალისწინებთ „რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისადმი ნდობის დონეს“.
„ჩვენი ხალხის ფართო მონაწილეობა, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, რაოდენობრივი თვალსაზრისით, ეს შეიძლება არც ისე წარმომადგენლობითი იყოს, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი სიმბოლური მხარდაჭერაა და ის აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - დასძინა არძინბამ.
სოხუმში ე.წ. რუსეთის ელჩმა მიხეილ შურგალინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვადაგასული პასპორტებითაც კი შეუძლია მონაწილეობა.
0
0