26/08/2025
17:45

წლევანდელი წელი საუკეთესოა საერთაშორისო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდაზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, რეზერვების აქტიური შესყიდვა აგვისტოშიც გრძელდება და სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, ეს წელი რეკორდული იქნება.
„ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და, პირველ რიგში, ის საექსპორტო დარგები, რომლებიც საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანები არიან. ეს არის ტურიზმი და სხვა მომსახურებისა და სასაქონლო ექსპორტი. რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას ზოგადად, სტაბილურ ვითარებას, რაც ძალიან მიმზიდველია ამ თვალსაზრისით. ამ კუთხით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა; მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი; ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი;
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებენ.
0
0