„ჰაიტის მთავარ აეროპორტში ინტენსიური სროლების გამო ფრენები გაუქმდა. დაღუპულია, სულ მცირე, 4 პოლიციელი. კარიბის ზღვის აუზის ქვეყანა შეიარაღებული ბანდების ძალადობასა და პოლიტიკურ არასტაბილურობას ებრძვის,“ - წერს CNN-ი.
პორტ-ო-პრენსის რამდენიმე რაიონში ინტენსიური სროლა დაფიქსირდა, რამაც მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. როგორც American Airlines-მა განაცხადა, კომპანიამ მაიამისა და პორტ-ო-პრენსის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ყოველდღიური მიმოსვლა შეაჩერა.
„მგზავრების, სახმელეთო ეკიპაჟებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ და, საჭიროებისამებრ, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები“, - განუცხადა CNN-ს American Airlines-ის წარმომადგენელმა ლორა მასვიდალმა.
ბოლო წლებში, ჰაიტი არეულობისა და შეიარაღებული ბანდების ძალადობის ტალღამ მოიცვა. მეომარი ბანდები პორტ-ო-პრენსის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ქვეყნის დანარჩენი ნაწილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიწოდების ხაზებს ბლოკავენ. ბანდის წევრები ასევე ატერორებენ დედაქალაქის მოსახლეობას. მკვლელობების, გატაცებების, ხანძრის გაჩენისა და გაუპატიურების ტალღების ფონზე, 200,000-მდე ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი. 2024 წლის იანვარში, 1100 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ან გაიტაცეს.
გაეროს მონაცემებით, 2023 წელს, 8400-ზე მეტი ადამიანი გახდა ასეთი ძალადობის მსხვერპლი. ჰაიტიზე დანაშაულისა და ძალადობის ტალღები 2021 წელს ყოფილი პრეზიდენტის ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.
0
0