
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
„შენ ხარ მკვლელი, ამოწყდი“ - განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა ჩიკვაიძის დედამ მოსამართლე იზა კელენჯერიძეს.
სასამართლო პროცესს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შემოუერთდა ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე. სხდომას თავიდანვე ესწრებოდა ირაკლი პაპიაშვილი.
ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ, ჩიკვაიძის მხრიდან გირაოს პირობების დარღვევის მოტივით მიმართა, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
0
0