19/12/2024
21:46
საზოგადოება
„სამწუხაროდ საქართველოში, გამომჟღვანდა, რომ არსებობს პოლიტიკური უმწიფრობა. თითქოს, გვინდა დემოკრატია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და არჩევნები ჩატარდება, სულ არის პროტესტი - „მე არ წავაგე და შენ არ მოიგე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა. საქმე გვაქვს დამარცხებულის ფსიქოლოგიურ ფენომენთან“- განაცხადა ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში.
„როგორც ჩანს, ქართველებს დამარცხებასთან გვაქვს პათოლოგიური დამოკიდებულება. თითქოს, ეს დამარცხება, სიკვდილს ნიშნავს. თითქოს, ამის შემდეგ, აღარაფერი იქნება. თითქოს, ყველაფერი დასრულდა. არადა, ეს არის სრულიად ანტიდემოკრატიული მიდგომა. სწორედ ამ დროს, დამარცხებულები ხდებიან აგრესიულები, თითქოს, ყველაფერი დაკარგეს და ის რომ, ყველაფერი დაკარგეს, იმის ბრალია, ვინც გაიმარჯვა. ეს აგრესია უკვე მიემართება იმ ადამინების მიმართ, ვინც გამარჯვებულს გაამარჯვებინა“, - აღნიშნა რუსუდან გორგილაძემ.
მისი თქმით, ამ ვითარებაში გამარჯვებულები სხვა პოზიციაში არიან.
„რაც შეეხება გამარჯვებულებს, ადამიანების უდიდეს ნაწილს, რომელიც ახლა ზის სახლში და მდუმარებით აკვირდება მოვლენებს - სხვადასხვა მოტივაცია აქვთ.
მე, როცა ვარ გამარჯვებული, არ ვყვირი. არ არის აუცილებელი გულზე მჯიღის ცემა. მე ვარ მშვიდად. ვარ იმ სივრცეში, რასაც ჰქვია რაციონალური სივრცე. მეორე მხარე, დამარცხებული, არის ემოციურ სივრცეში. ჩვენ ვართ აცდენილი ერთანეთთან- ერთდროულად, ეს ორი სივრცე ვერ თანაარსებობს. რაციონალურ სივრცეში მყოფებს აქვთ სიმშვიდე. კარგია რომ არ გამოდიან და არ იწყებენ არაფრის მტკიცებას. როდესაც ფსიქოლოგიურად, შედარებით კომფორტულ ვითარებაში ხარ, ხარ გამარჯვებული, იცი რომ იმან გაიმარჯვა, ვისაც შენი ხმა მიეცი, შენ არ ყვირი, მდუმარედ ელოდები როგორ განვითარდება მოვლენები. რასაკვირველია, ღელავ, გაწუხებს დაძაბულობა მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს შორის, რამაც მორალურ კატეგორიებს გადააჭარბა. თუმცა, მოვლენების განვითარების მოლოდინში ხარ.“ აცხადებს ფსიქოლოგი.
რუსუდან გორგილაძის თქმით, მდუმარება არ ნიშნავს შიშს, არამედ, ამ ადამიანებს არ სურთ თავის ახლობლებს აწყენინონ. რადგან იციან, რომ გადაივლის ეს ამბავი, ამ სოციუმში მოუწევთ თანაცხოვრება. ისინი უფრთხილდებიან ადამიანებს, რადგან როცა ყველაფერი გადაივლის, არ სურთ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში.
„არსებობს დამარცხებულთა ნაწილი, რომელიც ვერ ეგუება ამ აზრს და ჩამოყალიბდნენ მორალურ, პოლიტიკურ ჟანდარმერიად. რომელმაც ყველა დანარჩენს უნდა განგვისაზღვრონ რა, როდის და როგორ ვთქვათ. ბულინგი არის მძიმე ფორმის ძალადობა, რომელიც თავად მოძალადეს უშავებს. ვინ ძალადობს? ვისაც აქვს შინაგანი შფოთი, გაუწონასწორებელია და აქვს შიშები. სწორედ ის ესხმის სხვებს თავს. ისინი არიან ამ ემოციურ გარემოში. გარდა ამისა, ე.წ. ძველ ელიტებში, რომლებიც ე.წ. დამარცხებულებში არიან, მართლა აქვთ ბევრი რამ დასაკარგი. გვახსოვს, მათ ჰქონდათ შემოფარგლული ტერიტორიები და მარტივად ცხვირს ვერ შეყოფდი იქ. როცა გაიშალა ეს სივრცე, მაგალითად კულტურის სფეროში, რასაკვირველია, მათ ეს ძალიან აწუხებთ.“ - განაცხადა რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში - „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“.
0
0