12/06/2023
14:03
პოლიტიკა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არაფერია იმაში ცუდი, თუ ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე რეალიზების შესაძლებლობა იქნება. მისვე თქმით, ამით სარგებელს იღებს საქართველოს მოსახლეობა.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ბიზნესს მივესალმებით. ასევე, რაც მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, მეტ ფულს დახარჯავენ. ამით კეთილდღეობას იგრძნობს მოსახლეობა. მივესალმებით, თუ პროდუქცია გადის რუსულ ბაზარზე. ამით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, გლეხი და არაფერია იმაში ცუდი, რომ მის მიერ შექმნილი პროდუქტის რეალიზება შესაძლებელი იქნება რუსულ ბაზარზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ასევე პრობლემას არ წარმოადგენს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.
„ხმელეთიდან უამრავი ადამიანი თუ შემოდიოდა და პრობლემა არ იყო, თუ ერევნის გავლით მოფრინავდნენ და საქართველოში ჩამოდიოდნენ, მაშინ რა პრობლემაა პირდაპირი ფრენები. თანაც ამას აპროტესტებს ის, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ, როცა დავკარგეთ ტერიტორიები, გავაუბედურეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დაკარგულია სოფლები, მესამე მეოთხე დღეს მოსაწვევ წერილებს აგზავნიდნენ, რომ სახალხო ურთიერთობა აღედგინათ და რაღაც კონცერტები ჩაეტარებინათ. ეს იყო სამწუხარო რეალობა. ეს ადამიანები მიესალმებოდნენ რუსულ ბიზნესს, რუსი ტურისტების შემოსვლას და დღეს ისევ ის ადამიანები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ტურისტი არ უნდა შემოვიდეს, ბიზნესი არ უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0