
თითქმის შვიდი ათეული წელი ეთერში და პირველი მაუწყებლობა საქართველოში – საქართველოს პირველი არხი დღეს 66 წლის გახდა.
1956 წლის 30 დეკემბერი ისტორიული თარიღია. დღე, როდესაც მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტელევიზიამ დღეს სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს უმასპინძლა. „მადლობა ერთგულებისთვის“ – ამ სახელწოდებით ღონისძიება პირველი არხის შენობის ერთ-ერთ უძველეს, პირველ სტუდიაში გაიმართა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღეს ტელევიზიას სტუმრობენ ის ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან უყვართ ტელევიზია.
„პირველ არხს შეუსრულდა 66 წელი. დღეს ტელევიზიაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობდნენ, რომლებსაც ძალიან უყვართ ტელევიზია. ისინი სიმბოლურად შეიკრიბნენ პირველ სტუდიაში, სტუდიას ეს სახელი სწორედ მათ დაარქვეს. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ 66 წლის ისტორია და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან გვიყვარს, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ, მუშაობენ და მომავალშიც იმუშავებენ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ ტელეარხს – პირველი არხი, ტელესკოლა; ორ რადიოს – საქართველოს რადიო, საქართველოს რადიო მუსიკა; ონლაინ პლატფორმას 1tv.ge და არაერთ ციფრულ პროდუქტს აერთიანებს.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0