
საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც 2023 წელს საქართველოში კრიმინალის აღრიცხულ სტატისტიკას და გახსნილ დანაშაულებს შეეხება.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში სულ 54,177 დანაშაული აღირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია, თუმცა ამ დანაშაულებს შორის გაზრდილია ნარკოდანაშაულის რაოდენობა, რამაც მთლიანი დანაშაულების 12% შეადგინა. სულ ნარკოდანაშაულების რაოდენობა 6,594 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ კანაფის პერსონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2023 წელს 1,600-ს შეადგენდა მცენარე კანაფის "უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღების" მუხლით გამოვლენილი საქმეების რაოდენობა.
წლების მიხედვით გამოვლენილი დანაშაულების სტატისტიკიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით დანაშაულების გამოვლენას ზრდის.
ასევე, გაზრდილი არის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - გაუპატიურების შემთხვევები 2022 წელთან შედარებით გაზრდილი.
გაზრდილი არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევებიც. თუ 2022 წელს იყო 88 შემთხვევა, 2023 წელს რაოდენობამ 94-ს მიაღწია. გაზრდილია ტრეფიკინგის მაჩვენებელიც. 2022 წელს იყო 6 შემთხვევა გამოვლენილი, 2023 წელს კი 9.
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გაზრდილია იძულებით ქორწინების გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა - თუ 2022 წელს 15 შემთხვევა გამოვლინდა, 2023 წელს ეს რაოდენობა 49-ს აღწევს.
2022 წელთან შედარებით გაიაზრდა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევებიც - 2023 წელს 14 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.
გაზრდილია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევებიც. თუ 2022 წელს 131 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 2023 წელს 197-მდე გაიზარდა.
0
0