30/08/2022
14:25
პოლიტიკა
საქართველოში დარეგისტრირებული რუსული ბიზნესის საქმიანობის სფეროს გაუმჭვირვალე მდგომარეობა პრობლემაა - არსებობს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ასრულებს თუ არა საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქსტატის“ ინფორმაციას საქართველოში რუსული ბიზნესის დარეგისტრირების სტატისტიკის თაობაზე.
დეკანოიძის თქმით, ეს არის ის პრობლემა, რომელიც უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს.
„მე ვმუშაობ ზუსტად ამ მიმართულებით, რომ საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია. რაც შეეხება რუსული ბიზნესის დარეგისტრირებას და აქტიური მუშაობის სფეროს გაუმჭვირვალე მდგომარეობას, ეს არის დიდი პრობლემა, ეს არის ის პრობლემა, რომელიც აწუხებს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას. ესეც შედის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში უკრაინასთან მიმართებით. იცით, რომ საერთაშორისო ვალდებულებაა, რუსეთში არ შევიდეს თავისუფალი კაპიტალიდან ფული, რომელიც დაეხმარება რუსეთს კიდევ უფრო აქტიურად გააქტიუროს სამხედრო საქმიანობა უკრაინის მიმართ. შესაბამისად, ამ მდგომარეობაში საქართველოს ხელისუფლება ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს და არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ასრულებს თუ არა საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 5 თვეში საქართველოში 7 459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 4- ის საქმიანობის სფეროა ცნობილი. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" საქსტატიდან" გამოითხოვა.
0
0