
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს „მტაცებლად“ მოიხსენიებს. მისი თქმით, საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ, პუტინს იშვიათად დაუცავს მისი დაპირებები და ძალაუფლების გასაზრდელად საზღვრების ცვლილებას ცდილობს.
„საკუთარი გადარჩენისთვის მან უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან“, – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, „რუსეთი გახდა მუდმივი დესტაბილიზაციური ძალა და პოტენციური საფრთხე მრავალი ჩვენგანისთვის“.
„2007-2008 წლიდან პრეზიდენტ პუტინს იშვიათად შეუსრულებია მისი დაპირებები. ის მუდმივად წარმოადგენს დესტაბილიზაციურ ძალას და საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად მიისწრაფვის საზღვრების გადახედვისკენ“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონს მიაჩნია, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ორი სახის უსაფრთხოების გარანტია – ძლიერი არმია კიევისთვის და ევროპული ჯარის მხარდაჭერა.
მაკრონი განმარტავს, რომ წინააღმდეგია უკრაინისთვის ნაჩქარევი სამშვიდობო შეთანხმების საიმედო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
„მშვიდობა არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ზურგს უნდა უმაგრებდეს მტკიცე გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საწყის წერტილს დავუბრუნდებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
0
0