
„საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები განსაკუთრებული გულისტკივილითა და მადლიერების გრძნობით ქედს ვიხარით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათელი ხსოვნის წინაშე, პატივს მივაგებთ მის უკვდავ სულს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მომავალი თაობა პედაგოგებთან ერთად დგას, რათა სიღრმისეულად გაიაზროს ის განუზომელი ღვაწლი, რომელიც სულიერმა მამამთავარმა და განათლების, მეცნიერებისა და ეროვნული ცნობიერების გამორჩეულმა დამცველმა - ილია მეორემ სიყვარულითა და თავდადებით გასწია თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობისას“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამებაში, საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდა.
„თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და ინფორმაციის სიჭარბე განსაზღვრავს განვითარების ტემპს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების ჰუმანური და ღირებულებითი განზომილება. პატრიარქის სწავლება დაფძნებულია პიროვნებად ჩამოყალიბების მთავარ პოსტულატზე - განათლება არის პროფესიული უნარების შეძენა, რომელიც ადამიანში აყალიბებს პასუხისმგებლობას, სამართლიანობის განცდას და თანაგრძნობის უნარს. ამდენად, აკადემიური სივრცე ვალდებულია იყოს არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ ღირებულებათა ფორმირების ცენტრიც. სწორედ ასეთი განათლება, რომელიც აერთიანებს ინტელექტუალურ სიღრმეს, სულიერ სიმტკიცესა და ეთიკურ პასუხისმგებლობას, არის ის მყარი საფუძველი, რაზეც უნდა დაშენდეს ქვეყნის მომავალი განვითარება. ეს არის გზა, რომელიც პატრიარქმა ჩვენ, პედაგოგებს გაგვიკვალა, გზა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალთა აღზრდას და ახალგაზრდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, საბოლოოდ განსაზღვრავს სახელმწიფოს მდგრადობასა და პროგრესს. დღეს, როდესაც ერთად ვდგავართ, განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობთ, რომ ჩვენი პატრიარქის დანატოვარი სულიერი და საგანმანათლებლო მემკვიდრეობა ცოცხალია და მომავალ თაობებში გაგრძელდება. სწორედ ამ ერთობაში, ამ თანაზიარებაში იკვეთება ერის სულიერი მამის ცხოვრებისეული მისიის მთავარი არსი - განათლებული, სულიერად ძლიერი და პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლსა და თითოეულ მოქალაქეს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაცვალების გამო. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!“, - განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების რექტორებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ხოლო პატრიარქის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანიამ გადაიხადა.
0
0