
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე აბრამიშვილმა უფროსებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნულ ტურნირში გამარჯვებას გულითადად ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
„ალექსანდრე აბრამიშვილის მორიგი გამარჯვება მისი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია და ამავდროულად ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ახალგაზრდობის მრავალმხრივი ნიჭისა და პოტენციალისა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მისი სტუდენტი არაერთი წელია წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო არენაზე და ღირსეულად წარმოადგენს თავის ქვეყანას. საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ალექსანდრეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, უზღვავ ენერგიას, შეუპოვრობასა და კიდევ არაერთ დიდ გამარჯვებას როგორც სპორტულ კარიერაში, ისე პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე აბრამიშვილი ჩვენი სტუდენტებისთვის გახდება შთაგონების წყარო და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს საქართველოს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე აბრამიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის 4-გზის პრიზიორია.
1
0