
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელოვან ინსტიტუციად. ჩვენი მიდგომა ეფუძნება რწმენას, რომ თანამედროვე უნივერსიტეტი უნდა იყოს სივრცე, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ორგანულად ერწყმის ეროვნულ იდენტობას. განათლება მხოლოდ პროფესიული კომპეტენციების შეძენა არ არის, იგი გულისხმობს პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ფასეულობები და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციის - „საზოგადოება ივერიისა“ - საქმიანობა და მის მიერ დეკლარირებული ღირებულებები მნიშვნელოვან თანხვედრაშია უნივერსიტეტის ხედვასთან. ორგანიზაციის მიერ ქართული ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სამეცნიერო შესწავლისა და საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა სწორედ იმ ეროვნული პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, რომელსაც ჩვენც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის დაკავშირება მსგავსი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელებასთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც მეცნიერების განვითარებისთვის, ისე ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობით შევქმნათ ისეთი ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული პროექტები, რომლებიც ცოდნას საზოგადოებრივ ღირებულებად აქცევს და ემსახურება საქართველოს ინტელექტუალურ, კულტურულ და ეროვნულ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისა“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ორგანიზაციის - „საზოგადოება ივერიისა“ - საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თავაძემ, უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას „საზოგადოება ივერიისას“ დაფუძნების ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო ინიციატივები გააცნო, ხოლო სტუ-ის რექტორმა ორგანიზაციის საქმიანობის ეროვნულ მნიშვნელობასა და ქართულ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობის ეროვნულ მნიშვნელობაზე, ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობასა და ამ პროცესში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
დავით გურგენიძის განცხადებით, საქმე, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ უძღვება, ეროვნული მნიშვნელობისაა, რადგან იგი ემსახურება არა მხოლოდ ცალკეული ისტორიული ძეგლებისა თუ კულტურული ფასეულობების დაცვას, არამედ ქართული ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და იმ ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებზეც საქართველოს კულტურული და სულიერი განვითარება საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.
რექტორის თქმით, სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობაც. უნივერსიტეტი საკუთარ მისიას მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით არ განსაზღვრავს – მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა განათლებული, პასუხისმგებლიანი, ეროვნული ცნობიერების მქონე პიროვნებების აღზრდა, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და საზოგადოებრივი ფასეულობების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „საზოგადოება ივერიისას“ დაფუძნების ისტორიას. ორგანიზაციის საქმიანობის სათავე 2002 წელს დაიწყო, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი დააფუძნა. 2010 წელს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რომლის საქმიანობაც მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისა და ამ ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივის გარშემო საზოგადოების გაერთიანებისკენ იყო მიმართული. მოგვიანებით ორგანიზაციის საქმიანობა გაფართოვდა და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებიც მოიცვა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საზოგადოება ივერიისას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და კულტურული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლობა შესაძლებლობას შექმნის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალი, პროფესორ-მასწავლებელთა გამოცდილება და სტუდენტური რესურსი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ეროვნულ პროექტებს დაუკავშირდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ჩართულობას, ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასა და ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაციას.

0
0