
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ცივილიზაციათა დიალოგი, პრობლემები და გამოწვევები“ გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება, რომელშიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე, ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, ასევე ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ლი ცზივეი და ჩინური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.
ვიცე-რექტორმა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში, რომელიც არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, მეცნიერება, განათლება და კულტურათაშორისი დიალოგი სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ურთიერთნდობის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტებია.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოება და ისეთი პარტნიორობის განვითარება, რომელიც განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სფეროში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და უკვე ტრადიციად იქცა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. მინდა კონფერენციის მონაწილეებს გადავცე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები და წარმატებები ვუსურვო მათ.
დარწმუნებული ვარ, ეს სამეცნიერო ღონისძიება და მისი თემატიკა კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველ და ჩინელ მეცნიერთა შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის თემატიკა მოიცავს ცივილიზაციათა შორის დიალოგს, საერთაშორისო ურთიერთობებს, გლობალურ უსაფრთხოებას, კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერების განსაკუთრებულ როლს საერთო ღირებულებების განმტკიცებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა ლი ცზივეიმ, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ და სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ოსიძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, ცივილიზაციათა დიალოგის, კულტურათაშორისი ურთიერთგაგებისა და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
სტუ-ის ინფორმაციით, II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცივილიზაციათა დიალოგი, პრობლემები და გამოწვევები“ ოთხ სექციად წარიმართა. სტუ-ის მეცნიერებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, ასევე ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარმოადგინეს მოხსენებები, მათ შორის: „საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები გლობალური ტრანსფორმაციების ეპოქაში - ისტორიული გამოცდილება, დღევანდელი გამოწვევები და მომავალი პერსპექტივები“; „ჩინეთ-დასავლეთ აზიის უმაღლესი განათლების თანამშრომლობის გამოწვევები და განვითარების ოპტიმალური გზები აბრეშუმის გზის ცივილიზაციათა ურთიერთშემეცნების პერსპექტივიდან“; „ნიკო ნიკოლაძე კორეაში ჩინეთ-იაპონიის დაპირისპირების შესახებ XIX საუკუნის 80-90-იან წლებში“; „ენობრივი სერვისები „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის განვითარების პროცესში: მნიშვნელობა, გამოწვევები და საპასუხო სტრატეგიები“; „ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკის გამოწვევები“; „ჰარმონია თანაარსებობაში: გლობალური გამოწვევების დაძლევა ცივილიზაციათა დიალოგის გზით“; „ცოდნის აბრეშუმის გზა: ტრადიციული ცოდნისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“; „ჰონგ-კონგის რეინტეგრაციის პრეცედენტის გავლენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე“; „კულტურათა დიალოგი - მშვიდობისა და გლობალური თანამშრომლობის საფუძველი“; „დეველოპმენტალიზმის“ კლასიკური გაგებისა და მისი გადააზრების საკითხისათვის“; „საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოება საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებისას“; „ელექტროენერგეტიკის რეგულირება საზღვარგარეთის ქვეყნებში“; „თანამედროვე კონფლიქტების ტიპები და მათი მახასიათებლები“; „ჩინეთის გეოპოლიტიკის თავისებურებები“; „თიანსიას“ („ყოველივე ცისქვეშეთი“) კონცეფცია და ცივილიზაციათა დიალოგის პარადიგმა თანამედროვე გლობალური გამოწვევების ეპოქაში“; „საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში“; „გაეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე“; „ტაივანის თანამედროვე პოლიტიკური სტატუსის საკითხი“; „კულტურათა დიალოგი - კაცობრიობის თვითგადარჩენის აუცილებელი პირობა“; „საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ სივრცეში და კულტურათა შორის დიალოგის აუცილებლობა“ და სხვა.
0
0