
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PTB-ის (გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი) პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც: PTB-ის მიერ გამოცემული წიგნის - „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა - ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“ პრეზენტაციას, PTB-ის მიერ ორგანიზებული, 4-9 მაისს გერმანიაში გამართული სასწავლო ვიზიტის - „თანამშრომლობა აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის – გზა ინოვაციისკენ“, შედეგებისა და გამოცდილების პრეზენტაციასა და სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის თერმული წინაღობის ლაბორატორიის განახლებული სისტემისა და აღჭურვილობის წარდგენას, მოიცავდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტების სპეციალისტები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო კომპანიებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები , გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: დოქტორი კლემენს სანეტრა - PTB-ის ექსპერტი და წიგნის ავტორი; ლორა დონათი - PTB-ის პროექტის კოორდინატორი; კეია ჩოუდჰური – PTB-ის კონსულტანტი; დოქტორი ნოდარ ხატიაშვილი - წიგნის ქართული გამოცემის ტექნიკური რედაქტორი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ტურში კი მონაწილეობდნენ: ნინო ბახტაძე, მარი თებიძე - სამშენებლო ფაკულტეტი, თემურ მიქიაშვილი - ენერგეტიკის ფაკულტეტი; ნათელა ძებისაშვილი - ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან სწორედ უნივერსიტეტი წარმოადგენს იმ აკადემიურ სივრცეს, სადაც მიმდინარეობს ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების მიმართულებით ცოდნის გავრცელება, კვლევების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, წიგნი - „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა - ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს.
„ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეცნიერების, განათლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას, ცოდნის ტრანსფერსა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადებას. ღონისძიების მნიშვნელობა მრავალმხრივია. იგი ხელს უწყობს: ხარისხის ინფრასტრუქტურის საკითხების პოპულარიზაციას; უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას; სტუდენტების პრაქტიკულ და პროფესიულ განვითარებას; თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების წარმოჩენას; სამშენებლო მასალების სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. წიგნი კი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო მასალას ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის უკეთ გააზრებისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება განხორციელდა PTB-ის პროექტის - „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“, ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.

0
0