
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „10112876-3E-Partnership – European Energy Efficiency Partnership for Mutual Benefits with Georgia, Azerbaijan and Ukraine“ - ფარგლებში, განახლებადი ენერგიების სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის პრაქტიკული სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, ხოლო დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროექტის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია. მოხსენება თემაზე - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრესი პროექტის აქტივობებში და შედეგები“ - მოხსენება წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მკვლევარმა და პროექტის პარტნიორმა, სოსო მინდიაშვილმა.
როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა განაცხადა, განახლებადი ენერგიების სასწავლო ლაბორატორია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკულად შეისწავლონ მზის, ქარისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების ტექნოლოგიები, ენერგოეფექტური სისტემების მუშაობის პრინციპები, ენერგეტიკული პროცესების მონიტორინგისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდები. პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის თქმით, ლაბორატორია ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სტუდენტური ინოვაციური პროექტებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისთვის.
„განახლებადი ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა XXI საუკუნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევებისა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების ნაწილია. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შევუქმნათ ისეთი სასწავლო და სამეცნიერო გარემო, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა თანამედროვე ლაბორატორიულ ბაზაზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით გაამყარონ. ლაბორატორიის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ფაკულტეტის საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო კურსების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ERASMUS+ პროგრამის როლი, რომელიც ქმნის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას. მადლობას ვუხდი პროექტის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, რომლის ძალისხმევითაც ეს მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, ახალი ლაბორატორია გახდება ინოვაციური იდეების, სამეცნიერო კვლევებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი ჩვენი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის“, - განაცხადა ქეთევან ქუთათელაძემ.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტებში აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის. პროფესორ თამარ წერეთლის შეფასებით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
„ERASMUS+ CBHE-ის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივა ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში და თანმიმდევრულად ახორციელებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარებას ემსახურება. განახლებადი ენერგიების სასწავლო ლაბორატორიის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტისთვის, ისე მთლიანად უნივერსიტეტისთვის. თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ, განახორციელონ კვლევები და იმუშაონ იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც ენერგეტიკის დარგის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს.
დღეს, როდესაც ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად არის აღიარებული, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც უნივერსიტეტებს ევროპულ გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თანადგომით გააგრძელებს ინოვაციური პროექტების მხარდაჭერასა და ისეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს შექმნას, რომელიც კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.
სტუ-ის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით თანამედროვე სასწავლო მოდულების განვითარებას, ლაბორატორიული ბაზის განახლებას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროცესს. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ევროპული საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირებას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგეტიკის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
0
0