
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. მემორანდუმის მიზანია სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება, ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი საკადრო რეზერვის ფორმირება და კომპანიის საქმიანობისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
თანამშრომლობა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებელთან, გაეცნონ კერძო სექტორში არსებულ დასაქმების პერსპექტივებს, პროფესიული განვითარების მიმართულებებსა და დამსაქმებელთა თანამედროვე მოთხოვნებს.
როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტისთვის კერძო სექტორთან პარტნიორობის გაღრმავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან მსგავსი თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და პროფესიული კარიერის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაცია დროულად მოიპოვონ.
„მემორანდუმი, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გაფორმდა, სტუდენტებს მნიშვნელოვან პერსპექტივას სთავაზობს. შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება, შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყვნენ კონკურენტუნარიანები, ფლობდნენ თანამედროვე პროფესიულ უნარებს და იცნობდნენ დამსაქმებელთა მოთხოვნებს. „ნექსთ მენეჯმენტი“ ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებშიც არის ჩართული. ეს თანამშრომლობა სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, დაამყარონ აქტიური კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებელთან, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების გზებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ, ასევე, მიიღონ შესაბამისი კონსულტაციები“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.
თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემაც. მისი განცხადებით, მემორანდუმი უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
ნატო ქათამაძის განმარტებით, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამასთანავე, დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებების, საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც სტუდენტებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ შრომის ბაზრის მოთხოვნები და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოსცადონ.
სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია აკადემიურ და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს უმაღლესი განათლებისა და დასაქმების სფეროების დაახლოებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ნექსთ მენეჯმენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი წლის ვადით გაფორმდა.
0
0