09/10/2024
16:44
სამხედრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების თორმეტმა მოსამსახურემ ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოპერაციის დაწყებამდე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ნატო-ს საზღვაო აკრძალვითი ოპერაციების საწვრთნელ ცენტრში (NMIOTC) ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობის მოსამზადებელი სამდღიანი წვრთვნები გაიარეს.
„წვრთვნების დასრულების შემდგომ მოსამსახურეები საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე – HS AEGEAN განთავსდნენ და სამი კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში, ოპერაციის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ზღვაზე ყოფნის პერიოდში ნატო-ს ოპერაციის ღონისძიებები მოიცავდა სააბორდაჟო პროცედურებსა და წვრთნებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული ქვედანაყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით ჩაერთო. ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო გახდა პირველი ასპირანტი ქვეყანა, რომლის შესაბამისი ქვედანაყოფების ნატოს სერტიფიცირების ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოპერაციის „ზღვის მცველი“, ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის ეგიდით მოქმედ დღეისთვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0