
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე.
„საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები იყო. ასევე განიხილეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უსაფრთხოების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.
შეხვედრაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.
0
0