18/11/2024
14:23
პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არ არის იმ ფონზე, როცა 28 მილიარდია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ფუნქციონირებაში ამ ასი მილიონის სხვაგან გადასროლა არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, არც პენსიონერს, არც პოლიციელს, არც სამხედროს, არც ჯანდაცვის სისტემას ერთი თეთრი არ მოაკლდება.
„საქართველოს მთავრობა ისევე, როგორც 28 მილიარდს, ასევე ამ ასს მილიონს აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხარჯავდა. საინტერესოა, ბატონი ბარელი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს 100 მილიონიც ასევე გამჭვირვალედ უნდა დახარჯონ, თუ „შავ ფულად“ უნდა იქცეს. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რაზეც პასუხი გვაინტერესებს. გასაგებია, რომ მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, რომ არჩევნები არ შედგა, რადგან შედგა და ძალიან კარგად იციან. უნდათ, რომ ამ მდგომარეობიდან რაღაცნაირად ნელ-ნელა გამოვიდნენ. გამოძიება პროკურატურაშიც დასრულდება და მის შედეგებსაც იხილავენ. საქართველოს სამართლიან გზას ვერავინ გააჩერებს. საქართველოს არაფერი დააკლდება, ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ არის რიგი პარამეტრებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „საქართველო დღეს იქნება ყველას განხილვის საგანი, ჩემი შეთავაზებაა, შევწყვიტოთ პროგრამების ნაწილის მხარდაჭერა, მთავრობის ნაცვლად, დავეხმარებით სამოქალაქო სექტორს“.
0
0