28/10/2024
12:28
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების "მთავარი" შედეგები დადებითად შეაფასა და უარყო ხმების გაყალბებისა და ძალადობის შესახებ გაჟღერებული ბრალდებები.
„უკანონობა ყველგან, ყველა ქვეყანაში ხდება", - განუცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტს სტივ როზენბერგს ექსკლუზიურ ინტერვიუში.
საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა 54% მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ტელეარხების ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა.
BBC-სთან ინტერვიუში კობახიძემ ოპოზიცია ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა: „ისინი [ოპოზიციური პარტიები] აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა 2016, 2020 და 2021 წლებშიც.
„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა აღარ დარჩენიათ, ამიტომ მხარდამჭერებს უნდა უთხრან, რომ ან თავად იტყუებოდნენ ან ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები. საქართველომ ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა პირველად გამოიყენა, რომლითაც არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა: მანიპულაციისთვის შანსი ნულოვანია,“ - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც BBC-ი წერს, ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა პერ ეკლუნდმა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრი იყო, განაცხადა, რომ, „განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს.“
„ამომრჩეველთა დაშინებამ... არჩევნებამდე და არჩევნების დღეს სერიოზულად შეარყია დემოკრატიული პროცესი“, - თქვა პერ ეკლუნდმა.
„„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ბოლო თვეებში გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა და დაუდგენელი „გლობალური ომის პარტია“ იმაში დაადანაშაულა, რომ ის მიზნად ისახავს [საქართველოს] ჩათრევას უკრაინის ომში. რუსი კომენტატორები ფართოდ მიესალმნენ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო მოსკოვისკენ მიმავალ გზას დაუბრუნდება,’’ - წერს BBC-ი.
თუმცა, ირაკლი კობახიძემ BBC-სთან ინტერვიუში უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ ხელისუფლება პრორუსული და „პროპუტინისტურია“. მისი თქმით, ისინი ცდილობენ საქართველოს მოსახლეობაში მთავრობის რეპუტაცია შელახონ.
„საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს - 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის გამო,“ - დასძინა კობახიძემ.
0
0