
აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის (AZTV) სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში, ბათუმში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება:
,,მათ, ვინც ბათუმში პოლიციის მოქმედებას აკრიტიკებს, ერთი ისტორიული ფაქტი უნდა შევახსენოთ.
თქვენ ჩადიხართ სხვა ქვეყანაში და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე პოლიტიკური შინაარსის მქონე დროშას აფრიალებთ. რამდენად სწორია ასეთი ქმედება? თუ მასპინძელ ქვეყანას სტადიონზე მოქმედი წესები და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოთხოვნები აქვს დადგენილი, პოლიციაც სწორედ ამ წესების აღსრულებას უზრუნველყოფს.
საქართველოს პოლიციის მხრიდან საკუთარი მოვალეობის შესრულებაში უჩვეულო არაფერია. ქართულმა პოლიციამ სწორად იმოქმედა, როდესაც სხვა ქვეყნის დროშის გაშლის უფლება არ მისცა.
თუ ამ მიდგომას აკრიტიკებთ, მაშინ კიდევ ერთი ისტორიული ფაქტიც გაიხსენეთ!
2009 წლის 14 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ბურსაში, თურქეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა არ ყოფილა. მატჩს ერთად ესწრებოდნენ თურქეთის იმდროინდელი პრეზიდენტი აბდულა გიული და სომხეთის იმდროინდელი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.
იმ პერიოდში თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მიმდინარეობდა.
სწორედ ამ მატჩზე არ დაუშვეს სტადიონზე აზერბაიჯანის დროშების შეტანა.
მოგვიანებით ტელევიზიით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ აზერბაიჯანის დროშები ნაგვის ურნებში იყო გადაყრილი. ამ ფაქტმა აზერბაიჯანში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით ბურსის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება, ერთი პოლიციელი სამსახურიდან ჩამოაშორეს, ხოლო ორ სხვა პოლიციელს მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.
ბურსის გუბერნატორის ადმინისტრაციას წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ სტადიონზე მხოლოდ თურქეთის დროშების შეტანა იქნებოდა დაშვებული. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრებმა აზერბაიჯანის დროშებიც მიიტანეს, რომლებიც მათ შესასვლელთან ჩამოართვეს. მიზეზად უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილება დასახელდა.
ანუ, როდესაც საქმე აზერბაიჯანის დროშას ეხებოდა, თურქეთშიც მოქმედებდა მასპინძელი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტადიონის წესები.
დღეს კი რამდენად ობიექტურია იმ ფაქტის კრიტიკა, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე, ფალესტინის დროშის დემონსტრირების გამო, საქართველოს პოლიციამ ჩარევა გადაწყვიტა?
განა საქართველოს პოლიციამ ეს დროშა ნაგვის ურნაში გადააგდო?
პოლიციამ საკუთარი მოვალეობა შეასრულა. სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური გზავნილების გავრცელება და პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია!
საკითხი არ ეხება იმას, თუ რომელი ხალხის, რომელი ქვეყნის ან რომელი სახელმწიფოს დროშაზეა საუბარი. საკითხი პრინციპულია: თუ სხვა ქვეყანაში იმყოფები, პატივი უნდა სცე ამ ქვეყნის კანონებს, სტადიონის რეგულაციებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ერთი და იმავე მოვლენას განსხვავებული საზომით ვერ შევაფასებთ. თუ 2009 წელს თურქეთში აზერბაიჯანის დროშასთან მიმართებით დადგენილი წესების მოქმედება გასაგები იყო, დღესაც საქართველოში მასპინძელი ქვეყნის მიერ განსაზღვრულ წესებს პატივი უნდა ვცეთ.
P.S. ჩემი პოზიციის საქართველოს პოლიციის უპირობო მხარდაჭერად წარმოჩენა არასწორი იქნება. მე კონკრეტულად კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის მხარეს ვდგავარ.
ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვისას მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული წესები. სახელმწიფოს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც არღვევენ ამ წესებს, ხელს უშლიან ღონისძიების ნორმალურ მიმდინარეობას ან ცდილობენ დაპირისპირების გამოწვევას. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული არც მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე და არც იმაზე, თუ რომელ დროშას წარმოაჩენენ ისინი.
ამავდროულად, არც პოლიციელი დგას კანონზე მაღლა. თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადააჭარბებს ან დაუსაბუთებლად გამოიყენებს ძალას, ასეთ შემთხვევას შესაბამისი გამოძიება უნდა მოჰყვეს და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში მანაც უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.
მეორე მხრივ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, დაპირისპირების პროვოცირება და პოლიციელის პროვოკაციაზე წამოგება ასევე არასწორი საქციელია. წერს რუსლან ჰასანოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის (AZTV) სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში.
0
0