16/04/2024
00:37
პოლიტიკა
CNN საქართველოს პარლამენტში 15 აპრილს განვიტარებულ მოვლენებზე ვრცელ მასალას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ ქართველმა დეპუტატებმა ორშაბათს პარლამენტში იჩხუბეს, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები, როგორც ჩანს, მზად იყვნენ, განეხილათ საკამათო კანონპროექტი "უცხოელი აგენტების" შესახებ, რომელიც გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნებმა და გამოიწვია პროტესტი ქვეყანაში.
ქართული ტელევიზიით გაშუქებულ კადრებში ჩანს, რომ მამუკა მდინარაძეს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს და კანონპროექტის მამოძრავებელ ძალას, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ურტყამს სახეში, როცა ის ტრიბუნასთან საუბრობდა.
მედიასაშუალება წერს, რომ ინციდენტმა გამოიწვია უფრო ფართო დაპირისპირება რამდენიმე დეპუტატს შორის, რაც დროდადრო ხდება საქართველოს ხშირად მღელვარე პარლამენტში. კადრებში ჩანს, როგორ ესალმებოდნენ პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები ელისაშვილს.
„ამ თვის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 13 თვის შემდეგ, რაც პროტესტებმა აიძულა შეეცვალა გეგმა, ხელახლა შემოიტანს კანონპროექტს, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თანხებს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
კანონპროექტმა დაძაბა ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მის მიღებას. ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიანიჭა, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ბლოკის ღირებულებებს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მას სურს ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კავშირები გააღრმავა და ქვეყანაში ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. პროექტში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საჭიროა უცხოელების მიერ დაწესებულ "ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებთან" საბრძოლველად და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის“ - წერს CNN.
0
0