13/06/2023
10:31
პოლიტიკა
საქართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გუბერნატორი საქართველოში მეუღლესთან, მარტი კემპისთან ერთად ჩამოვა.
საელჩოს ცნობითვე, გუბერნატორი და პირველი ლედი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას საერთაშორისო მისიით, რომელიც დაიწყება თბილისში და დასრულდება პარიზში.
როგორც საელჩოში აცხადებენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით, მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე.
საელჩოს ცნობით, ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.
„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებსა და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით.
ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია, გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს, შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ, გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის“, – განაცხადა გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან.
საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. გუბერნატორი კემპი და დელეგაცია გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით, შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის.
„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას.
ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარული ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა, ტომ კარდენმა.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, გუბერნატორი კემპი და GDEcD-ის წარმომადგენლები მისიას გააგრძელებენ პარიზში და მონაწილეობას მიიღებენ „პარიზის საჰაერო შოუში”. დელეგაცია შეხვდება საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიცია ან განიხილავენ ინვესტირებას ჯორჯიის შტატში. დელეგაცია ხელს შეუწყობს ყველა იმ აქტივის პოპულარიზაციას, რის გამოც ჯორჯიის შტატი ცხრაჯერ დასახელდა საუკეთესო შტატად ბიზნესის კეთების კუთხით.
„კავშირები ბიზნესსაქმიანობის საწინდარია და ის იწყება ურთიერთობების დამყარებით. ასეთი ვიზიტები ამყარებს ამ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით. ჩვენი პოზიციის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებაში აძლიერებს ჩვენს ბიზნესეკოსისტემებს, აძლიერებს ვაჭრობას და ხელს უწყობს ინოვაციებს”, – განაცხადა GDEcD-ის წევრმა, პეტ უილსონმა.
ჯორჯიის შტატის გუბერნატორის ხელმძღვანელობით დელეგაციის გამომგზავრება საქართველოში დღეს, 13 ივნისს იგეგმება.
0
0