
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენი პერებიინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრეს.
უკრაინული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის მოადგილემ საქართველოს ელჩთან შეხვედრისას თბილისის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთების იმედი გამოთქვა.
„მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის ფედერაციასთან ფრენების განახლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.
ამ განცხადების გამო ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს. უწყების ცნობით, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს საქართველოს ელჩს“.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
0
0