12/06/2023
11:55
პოლიტიკა
ყველა საერთაშორისო ფორუმზე ვმუშაობთ ერთად, დიდი მადლობა, რომ საქართველო არის აქტიური და კონსტრუქციული პარტნიორი, – ამის შესახებ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ ჰასლერმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩემთვის უდიდესი სიხარულია, ვიყო აქ. მე ვარ ლიხტენშტაინის ხელისუფლების პირველი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში. მართლაც შთამბეჭდავია თქვენი სტუმართმოყვარეობა. ლიხტენშტაინსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობა არის შედარებით ახალი ისტორია. აქტიურად 2007 წლიდან დავიწყეთ ჩვენი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის კარგი იყო, თუმცა არ არსებობდა რამე ტიპის გაზიარება. 2007 წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ, დაგვემკვიდრებინა ორმხრივი ფორმატის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, თუმცა ბუნებრივია, კოვიდპანდემიამ თავისი ზეგავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობებზე და ამიტომ გადაიდო ჩვენი ვიზიტი საქართველოში. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მახარებს ბოლოს და ბოლოს საქართველოში ჩამოსვლა. სწორედ ამიტომ მინდა, განსაკუთრებით ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენს ახალგაზრდა, მეორე მხრივ, მჭიდრო ურთიერთობებს. ძალიან კარგი ეკონომიკური წინაპირობები გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას გავაღრმავებთ საქართველოსა და თავისუფალი ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნებს შორის. არსებობს მემორანდუმი, არსებობს შეთანხმება და საქართველოს აქვს განსაკუთრებული ადგილი თავისუფალი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ გავაღრმავებთ ამ ურთიერთობებს. ასევე, ორმაგი დაბეგვრის შეთანხმება არსებობს საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის. ეს არის ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება-გაღრმავებისა და ვაჭრობის ურთიერთობების გაღრმავების არაჩვეულებრივი საფუძველი. ასევე, არამხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ლიხტენშტაინსა და საქართველოს აერთიანებს ძალიან ბევრი ღირებულება, ძალიან ბევრი ფასეულობა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით, როგორიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა დომინიკ ჰასლერმა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ასევე არსებობს თანამშრომლობა გაერო-ს, ეუთო-სა და ევროსაბჭოში.
„სწორედ ევროსაბჭოში იქნება სამომავლოდ ჩვენი გაღრმავებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა, რადგან ლიხტენშტაინი ნოემბრიდან იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა. ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ჩამოსვლა, რათა უკეთ გავიცნო თქვენი ქვეყანა. ადგილზე ჩამოსვლა არის გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთგაგების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს არის ძირითადი უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს თანამშრომლობაში, ასევე ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერება, თავისუფალი, გამჭირვალე საზოგადოებები არის ევროპის სიძლიერე. იმავდროულად მომავალი, ჩვენი პრეზიდენტობის კონტექსტში ევროპის მომავალზე, ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება საკვანძო თემები. ასევე, ჩვენი ძირითადი აქცენტებია საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება. დიდი მადლობა, რომ დღეს სამუშაო შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ ეს საკითხები“, – აღნიშნა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს არამხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.
„მინდა, აღგითქვათ, ლიხტენშტაინი სრულად უჭერს მხარს საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების პირუთვნელი დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, საგარეო ურთიერთობებში ამის გაძლიერება საქართველოს კონტექსტში. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაწუხებს და რაზეც ვიმუშავებთ, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის შექმნას საქართველოსთვის და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი აბსოლუტური მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ ვახსენეთ ცალკეული გლობალური გამოწვევები, რომლებიც ეხება ჩვენს დღევანდელ სამყაროს და რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესული ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო ჩვენი საუბრის შემადგენელი ნაწილი. ლიხტენშტაინი გმობს რუსულ აგრესიას დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების პირუთვნელად დასაცავად. დაუშვებელია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევა. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია გუშინ და დღეს. ჩვენ ყველა დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი არ არსებობდეს მხოლოდ ქაღალდზე. მნიშვნელოვანია ძალიან ძლიერი საერთაშორისო წესრიგი და სამართლის საფუძველზე მოქმედებების განხორციელება. ვფიქრობ, ჩვენ ვმუშაობთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე ერთად, განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს. მაგალითად, ვეტო-ინიციატივის განხორციელება გაერო-ში და მრავალი სხვა რეზოლუცია, რომლებსაც ერთობლივად ვამუშავებთ და ვნერგავთ. დიდი მადლობა ასევე იმისთვის, რომ საქართველო არის აქტიური და კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენი ორმხრივი, ახალგაზრდა ურთიერთობები სამომავლოდ გაძლიერდება. დიდი სიხარულით ველოდები თქვენს ჩამობრძანებას ლიხტენშტაინში, სადაც ჩვენ შევძლებთ აქცენტების გაცვლას განათლების კუთხით, მრავალი სხვა პროექტის მიმართულებით“, – განაცხადა დომინიკ ჰასლერმა.
0
0