
საქართველოს და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა ეს ურთიერთობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, როგორც კი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მიმართ მიდგომებს შეცვლიან, ურთიერთობები დალაგდება.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოს და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში, რომელსაც ბევრი განმაპირობებელი აქვს. ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ მძიმე ტვირთს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად აწევს ევროკავშირის და ამ მხრივ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მავნე მოლოდინები საქართველოს მიმართ, რომ საქართველო ჩაბმულიყო ესკალაციის პოლიტიკაში ისე, რომ მათგან განსხვავებით არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. და მეორეს მხრივ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ყოფილ ავტორიტარ მმართველს, მიხეილ სააკაშვილის მფარველობს და ცდილობს არა მხოლოდ დაიხსნას ის მისი კანონიერი სასჯელისგან, არამედ მოიყვანოს მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში. აი, ეს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0