
გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს აშშ-ზე დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს.
დეგნანის თქმით, ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ქვეყნის სათავეში.
„საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ და ვთანამშრომლობთ მასთან მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა სათავეში. იმიტომ, რომ ჩვენი მხარდაჭერა არის ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისთვის და ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ზუსტად 2008 წელს ასევე ამერიკამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და საქართველოში გამოაგზავნა როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო ფლოტი, რამაც ხელი შეუწყო რუსული აგრესიის შეჩერებას. შემდგომ უკვე კონგრესმა დიდი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველოს გამოუყო მილიარდები და მას შემდეგ ეს დახმარება გრძელდება“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0