
ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური, ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე დაფუძნებული, ორმხრივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხს განუცხადა.
„საქართველომ 2018 წელს ჩინეთთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დევერსიფიცირება მოვახდინოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან შედეგიანი და უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში და ამ ვიზიტმა ახალი იმპულსი მოუტანა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. საუბარი გვქონდა ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და სტრატეგიულ დონემდე აყვანაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება-გაღრმავებას ბევრი ქვეყანა ცდილობს.
„წელს, 7-8 დეკემბერს დაგეგმილია ჩინეთის სამიტი პეკინში, რომელიც ჩინეთს და ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, განიხილონ ორმხრივი ურთიერთობები. ამ მიმართულებით, ჩინეთთან ჩვენი დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ რეგიონში ბუნებრივი როლი შეასრულოს და ეფექტურად, შედეგიანად დააკავშიროს აზია და ევროპა. ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და ეს ჩვენს ქვეყანას ეხმარება, მაქსიმალურად მოახდინოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა.
„ეს არის ჩვენი მოქალაქეების მთავარი დაკვეთა, რომ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ფორმირებული – განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მისი შედეგები იქნებოდა მიუღწეველი, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის ყველაზე მთავარი ხაზი, რომელსაც ვატარებთ, როდესაც ვახდენთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ფორმულირება-განხორციელებას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ცდილობს, იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული ნაწილი და მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე პროცესებში, რაშიც ხელისუფლების პოლიტიკა არის თანმიმდევრული.
0
0