28/09/2023
10:47
პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა მოუწოდა საქართველოს მეტი წინსვლა რეფორმების განხორციელებაში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციების შესრულებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის ადმინისტრაცია ავრცელებს, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
ლატვიის პრეზდენტის ადმინისტრაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამავე დროს, რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს 26 სექტემბერს შეხვდა.
0
0