07/12/2022
16:15
პოლიტიკა
„ისრაელის კონტრიბუცია საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტია. მათ შორის, არის 200 მილიონი დოლარი ტურიზმიდან, ხოლო პირადი ინვესტიციები ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან - ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია“, - ამის შესახებ საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ, spacesnews - სივრცეების გადაცემაში - „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში წლის ბოლომდე 200 ათასი ტურისტი ჩამოვა ისრაელიდან, შესაბამისად, ტურიზმი დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებელს და ეს არის ძალიან დიდი ნიშნული და დიდი გამარჯვება. ჩამოსული ტურისტებიდან კი ყოველი მესამე საქართველოში ბიზნესის დაწყებით ინტერესდება.
„რა თქმა უნდა, ამაზე მარტო ჩვენ არ ვმუშაობთ. ამაში ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაცია საქართველოდანაც და ისრაელიდან, ასევე საელჩოები. დღეის მდგომარეობით, მილიონამდე ისრაელელი ნამყოფია უკვე საქართველოში. აქ ძალიან მარტივია იმუშაო ინვესტიციების მოსაზიდადაც. ჩვენ ვგეგმავთ ან დეკემბერში, ან იანვარში, 25-ე ბიზნესფორუმის გამართვას, რომელსაც ასამდე ინვესტორი დაესწრება ისრაელიდან და აღსანიშნავია, რომ ნახევარზე მეტი ჩამოდის ქალბატონი, რომლებსაც აინტერესებთ ბიზნესი საქართველოში. ინვესტიცია არის ისეთი სფერო, სადაც ერთხელ გაკეთებული რეკლამა არ არის საკმარისი. ეს საკითხია, რომელზეც ყოველდღიურად უნდა იმუშაო, შეხვდე ინვესტორებს“, - განაცხადა საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ის ელის, რომ საქართველოს მთავრობა არ იყოს კმაყოფილი იმით, რაც დღეს არის, რადგან ქვეყანას შეუძლია იმდენი ინვესტიცია მიიღოს, რამდენიც უნდა.
„მახსოვს, როგორ დავიწყეთ 26 წლის წინ - დავდიოდით ინვესტორების სახლში, ვარწმუნებდით, რომ ჩამოსულიყვნენ და ბიზნესი დაეწყოთ. ეს არის ყოვედღიური სამუშაო. საქართველო იმდენად თბილი ქვეყანაა, რომ ინვესტიციის 80 პროცენტი კეთდება ემოციის ფონზე. ბიზნესმენი ჩამოდის, მოსწონს და იწყებს ბიზნესს. ზოგადად მგონია, რომ ქვეყანას შეუძლია იმდენი ინვესტიცია მიიღოს, რამდენიც უნდა. საქართველოში ბიზნესის გაკეთება მარტივია, არ მგონია კანონმდებლობას ცვლილება სჭირდებოდეს. მარტივია ჩამოხვიდე, შექმნა კომპანია, დაიწყო ბიზნესი. მე უფრო სხვა რამეს ველოდები - ეს არის ის, რომ საქართველოს მთავრობა არ იყოს კმაყოფილი იმით, რაც არის დღეს“,- აცხადებს იციკ მოშე.
0
0
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
20/10/2024