30/08/2023
14:42
პოლიტიკა
საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერისა და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გაფართოების თარიღებთან დაკავშირებით დამაბნეველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი უკვე წლებია აქვთ და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან.
„თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწელილი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენი გაცხადებული, კონსტიტუციური მიზანი და ქართველი ხალხის სურვილია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ევროპული ღირებულებებით - ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებებით და არა მათ გარეშე, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად. ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ, დანა სპინანტმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაზე.
0
0