-share.jpg)
“საქართველო არ აპირებს რაიმე ფორმით სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას, შესაბამისად ეს იქნება მხედველობაში მიღებული რომელი კომპანია, რომელი ავია-ბორტია დასანქცირებული”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ითქვა, რომ სანქცირებული ბორტით არ უნდა შემოფრინდეს საქართველოში. ეს გასაგებია, ასეთივეა განწყობა. ვიდრე ეს განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მანამდე საბედნიეროდ გაკეთდა განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რასაც ვამბობთ, ის სრულდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, მმართველი პარტიის წევრის თქმით, მას არ ჰგონია, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას პოლიტიკური გავლენა ექნება საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
„არ მგონია, რომ უნდა ჰქონდეს ევროინტეგრაციაზე პოლიტიკური გავლენა და სიმართლე გითხრათ, ეს არც იქნება სამართლიანი თუ ვინმე ეცდება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია, ან მისი გულშემატკივარი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ, თუ ეცდებიან, რომ ეს ფაქტორი გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს არ იქნება სამართლიანი, ეს არ იქნება კეთილსინდისიერი იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, რომ ეს იყო გადაწყვეტილება 2019 წელს, შემდეგ 2023 წელს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად, თავისით მიიღო რუსეთის ფედერაციამ. ამის გულისთვის პასუხისმგებლობა საქართველოსთვის, რასაკვირველია, რომ არ იქნებოდა არცერთი თვალსაზრისით გამართლებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.
0
0
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
10/05/2025