
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი განმარტავდა, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000, 10 000, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.
ამასთან, ადვოკატები სასამართლოს დაკავებულების მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის დაწესებას სთავაზობდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სხდომა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობის ეტაპზე გადაიდო.
დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი აღნიშნულ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად დრო მოითხოვა.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია ბრალდების მხარისთვის დღეს არ გამხდარა ცნობილი.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0