
საპენსიო ფონდის დებულება დამტკიცებულია. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც 1-ლი მაისიდან შევიდა ძალაში, ასახავს საპენსიო ფონდის მოწყობისა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.
საპენსიო ფონდის მთავარ მიზნად განისაზღვრა დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ფუნქციონირება, საპენსიო აქტივების მართვა, ანალიზი, ფონდის ბიუჯეტის მომზადება, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება, აქტივების ინვესტირება, შიდა აუდიტი, რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავება და ა.შ.
როგორია საპენსიო ფონდის მართვის სტრუქტურა
დოკუმენტის თანახმად, საპენსიო ფონდი უფლებამოსილებას ახორციელებს მმართველობითი საბჭოს მეშვეობით, ასევე, საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით, რომლის შემადგენლობაში არიან:
- საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი;
- მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;
- მთავარი რისკის ოფიცერი;
- შიდა აუდიტის უფროსი; და
- მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნულ სხვა აღმასრულებელ დირექტორ(ებ)ი.
საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა ფუნქციებიც განსაზღვრულია ამავე დადგენილებით:
- საინვესტიციო სამსახური;
- რისკის მართვის სამსახური;
- შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
- საფინანსო დეპარტამენტი;
- ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
- საოპერაციო და პენსიების დანიშვნა/გაცემის დეპარტამენტი;
- მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი;
- ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
- სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
- იურიდიული დეპარტამენტი;
- დავების განხილვის ცენტრი.
რაც შეეხება მმართველობით საბჭოს, დაკომპლექტებული იქნება 9 წევრისგან. აღნიშნულმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს: საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხის დამტკიცება; გენერალურ დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარ რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსის კონკურსის წესით არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა; საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება არანაკლებ კვარტალში ერთხელ; სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევა; საპენსიო ფონდის საქმიანობის ანგარიშგება ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე; და ა.შ.
ამასთანავე, მმართველობითმა საბჭომ უნდა შექმნას რამდენიმე მუდმივი კომიტეტი, ესენია: აუდიტისა და ფინანსების, რისკების, საინვესტიციო, ანაზღაურების და ნომინირების კომიტეტები. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიტეტების შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ მმართველობითი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი დირექტორები, საპენსიო ფონდის თანამშრომლები ან მოწვეული ექსპერტები. ამავე დოკუმენტით განისაზღვრა თითოეული კომიტეტის უფლება-მოვალეობებიც.
0
0