20/11/2022
13:11
პოლიტიკა
მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთის და ესტონეთის წარმომადგენლებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
შეხვედრებზე საუბარი რეგიონალურ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, რუსულ ოკუპაციას და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს, საქართველოს წინაშე არსებულ კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხო.
ქართულმა მხარემ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ნატოში გაწევრების აუცილებლობა და ამ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე, მნიშვნელობაზე და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის შესაძლებლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობას, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების და განმტკიცების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.
0
0