
საპარლამენტო არჩევნები გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს, ყველაფერი დანარჩენი სისულელეა. ვინმეს რამის თავი თუ აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
ამასთან, კალაძის თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოვიდეს რუსთაველზე და მშვიდობიანად გამოხატოს თავისი მოსაზრება.
„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100%-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. ვინმეს რამის თავი თუ აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. ვიღაც თუ გამოდის რუსთაველზე, რამდენიმე ადამიანი იკრიბება – ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება. მთავარია, ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0