22/12/2022
14:22
პოლიტიკა
“ჩვენთვის ზელენსკის განცხადებას განსაკუთრებული ფასი ვერ ექნება, რადგან მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ზელენსკიმ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საქართველოდან გაიწვია ელჩი და ამ პირობებში მისი საქართველოს პარლამენტში ჩართვა გაუგებარი იქნებოდა.
ამასთან, კობახიძე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს.
„სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში, ეს მას მაინც უნდა შევახსენოთ. ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოს არაჟნის კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ზელენსკის განცხადებას განსაკუთრებული ფასი ვერ ექნება, რადგან მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში.
სანდუმ თავის მეექვსე პატიმარ პრეზიდენტს უნდა მიხედოს. ზელენსკის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში, რომლის მიზანიც იყო ვითარების არევა და მეორე ფრონტის გამოწვევა. ლორთქფიფანიძე, რომელიც დაწინაურდა კიდეც, ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო. ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, დანილოვი, პოდოლიაკი და სხვები.
გარდა ამისა, ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დღემდე არ დაუნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში გაუგებარი იქნებოდა, ჩვენი მხრიდან მისი პარლამენტში ჩართვა და სხვა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. მათ უნდა თქვან უარი ომისკენ მიმართულ რიტორიკაზე, ეს არის აუცილებელი. ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე ხინჯი იქნება ურთიერთობებში. დანილოვმა ან პოდოლიაკმა ბოდიში მოიხადეს?
რაც შეეხება ზელენსკის ამერიკაში ვიზიტს, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ეს იყო სოლიდარობის აქტი, რაც ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იყო გამოხატული, რაც ბუნებრივია, როცა საქმე ეხება ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებს“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0