
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 18 წელი გავიდა.
2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის ნაწამები ცხედარი, ოქროყანის ტყეში, მეგობრებმა იპოვეს. მაშინდელმა სასამართლომ ფაქტზე კონსტიტუციური დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლა და საქმე დახურულად გამოაცხადა.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბებისა და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მათ შორის თავად ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ასევე დათა და ბაჩანა ახალაიებს.
ამასთან, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში, 2023 წელს, შეაფასა საკუთარი მმართველობა. როგორც მან თქვა, “ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა”.
ცნობისთვის, 2011 წლის 26 აპრილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა", სასამართლომ მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
0
0