სამხრეთ კორეამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2027 წლისთვის აიკრძალება ძაღლების დახოცვა და მათი ხორცის გაყიდვა. კანონი მიზნად ისახავს ძაღლის ხორცის საკვებად მოხმარების მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკის დასრულებას.
როგორც BBC-ი წერს, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ძაღლის ხორცი არსასურველი პროდუქტი გახდა. მას, განსაკუთრებით, ახალგაზრდები ერიდებიან.
კანონის თანახმად, ძაღლების საკვებად გამოყენების მიზნით ყოლა ან დაკვლა, ისევე როგორც ძაღლის ხორცის დისტრიბუცია ან გაყიდვა, აიკრძალება. აღნიშნული კანონის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს - ძაღლების დახოცვის შემთხვევაში დაწესდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ძაღლების საკვებად გამოყენების მიზნით გაზრდისთვის ან მათი ხორცის გაყიდვისთვის - მაქსიმუმ 2-წლიანი პატიმრობა. ახალი კანონი 3 წლის შემდეგ ამოქმედდება, მანამდე კი ფერმერებსა და რესტორნების მფლობელებს მიეცემათ დრო, რომ იპოვონ დასაქმებისა და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები. მათ მოუწევთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას თავიანთი ბიზნესის ეტაპობრივი გაუქმების გეგმა წარუდგინონ.
სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს სამხრეთ კორეაში 1600 ძაღლის ხორცის რესტორანი და 1150 ძაღლის ფერმა არსებობდა. ძაღლის ხორცის რაგუ [„ბოშიტანგი“] ზოგიერთი ხანდაზმული სამხრეთ კორეელისთვის დელიკატესად ითვლება, თუმცა ახალგაზრდებში ხორცი პოპულარული აღარ არის.
1980-იანი წლებში, წინა მთავრობებმა პირობა დადეს, რომ ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენებას აკრძალავდნენ, მაგრამ პროგრესს ვერ მიაღწიეს. როგორც ცნობილია, ამჟამინდელი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და პირველი ლედი კიმ კიონ ჰი ცხოველების მოყვარულები არიან. მათ 6 ძაღლი ჰყავთ. პირველი ლედი ძაღლის ხორცის ჭამის პრაქტიკის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა.
კორეის ჰუმანური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის იუნგ აჰ ჩაეს განცხადებით, ახალი კანონის მიღება მისთვის მოულოდნელი იყო.
„გული მწყდება, რომ მილიონობით ძაღლს ეს საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხო, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ, რომ სამხრეთ კორეას შეუძლია სამუდამოდ დახუროს ჩვენი ისტორიის ეს საშინელი თავი და ძაღლებისთვის მეგობრული მომავალი შექმნას“, - თქვა იუნგ აჰ ჩაემ.
0
0
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა
22/08/2025