03/07/2022
15:54
პოლიტიკა
სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარადგინეს გეგმა, რომლითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების გეგმის შესრულება არის შესაძლებელი.
როგორც "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ "ღია საზოგადოების ფონდის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ გეგმის შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის შესასრულებლად აუცილებელია პოლიტიკური ნების არსებობა.
"რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა წარმოდგენილი გეგმა, თუ როგორ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და რა არის განსახორციელებელი, თუმცა ეს გეგმა იყო მხოლოდ პროცედურული საკითხებისა და სამუშაო ჯგუფების შესახებ. ჩვენ ვერ დავინახეთ კონკრეტული ნაბიჯები, თუ რას გულისხმობს აქ ხელისუფლება. გვგონია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ფორმალური პროცესი, რომელიც დროში გაიწელება და საბოლოოდ 6 თვის თავზე ვერ გვექნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.
სწორედ ამიტომ, წარმოვადგენთ გეგმას იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
პირველ რიგში, რასაც ვხედავთ რეკომენდაციებში, ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, გვგონია, რომ დავუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც კარგად იყო გაწერილი ის, რომ დეპოლარიზაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში უნდა მოხდეს ძალთა გადანაწილება და დაბალანსება - მაგალითად, 5 კომიტეტს ოპოზიცია უნდა თავმჯდომარეობდეს, მათ შორის 2 ისეთი, როგორიც არის მაგალითად საბიუჯეტო.
ამას არ სჭირდება ბევრი დრო და ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. პოლიტიკური ნების შემთხვევაში ეს მარტივად შესაძლებელია.
ასევე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც 1 მოსმენა უკვე ჩატარდა და ამას სჭირდება კიდევ 2 მოსმენა, რათა მიიღონ, ესეც მარტივად შესასრულებელია.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, რაც ეხება ცესკო-ს დამოუკიდებლობას, მისი თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კონსენსუსის საფუძველზე მიღებას. ეს იქნება მთავარი, რათა არჩევნებისადმი ნდობა საზოგადოების მხრიდან ამაღლდეს.
ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის მართლმსაჯულების რეფორმა და წარმოდგენილი გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ის. ძალიან მარტივად განსახორციელებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრების არჩევა.
ასევე გვაქვს წარმოდგენილი ხედვა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით - უნდა შეიქმნას სააგენტო, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს და იქნება უფრო ეფექტური.
გვაქვს დანარჩენი ხედვა ყველა პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ჯამში მე-5 პუნქტს, რაც არის დეოლიგარქიზაცია, ანუ ოლიგარქის და მისი მმართველობის შესუსტება, ამას გამოიწვევს. ეს სრულად არ დაასრულებს ოლიგარქიულ მმართველობას, თუმცა შეასუსტებს მას.
საბოლოო ჯამში, კონკრეტული გეგმის მიხედვით, თუკი იქნება პოლიტიკური ნება, ყველაფერი არის ძალიან მარტივად მიღწევადი. ამას არ სჭირდება არც სამუშაო ჯგუფების შექმნა და არც პროცესის გაწელვა, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით შესაძლებელია ამ გეგმის შესრულება", - განაცხადა ნინო დოლიძემ.
0
0