24/03/2023
13:31
პოლიტიკა
დღეს ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი, არ დაურიგეთ უმრავლესობას პარლამენტში და Mea culpa-თი (ჩემი ბრალია) რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა - სამარცხვინო ადამიანი ხარ, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
სამადაშვილმა პრემიერის მისამართით აღნიშნა ისიც, რომ ის დამნაშავეა და ქართველ ახალგაზრდებს, საკუთარ ოჯახს და უკრაინელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
მისივე თქმით, მალე ევროპა საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ ეტყვის, რომ არცერთი მოთხოვნა შესრულებული არაა.
„როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე, დღეს ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლაა. ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს ხალხი უმრავლესობაში რატომ ზის? თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით დღეს კანდიდატის სტატუსი არ აქვს. დღეს ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი, არ დაურიგეთ უმრავლესობას პარლამენტში და Mea culpa-თი (ჩემი ბრალია) რატომ არ დაიწყეთ საკუთარ გამოსვლა. სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად „დამნაშავე ვარ“-ს ნიშნავს. დამნაშავე ხართ, ბატონო პრემიერო. დამნაშავე ხართ, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, რადგან არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და რუსული კანონი მიგეღოთ, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ, უკრაინის წინაშე, იმიტომ რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის. რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და ნიშნის მოგებით საუბრობთ, თურმე უკრაინაში რა დღეში არიან და ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია უნდათ. სამარცხვინო ადამიანი ხარ. ყველა გამოსვლა უნდა დაიწყო სიტყვებით - დამნაშავე ვარ - Mea culpa, Mea culpa, Mea culpa. ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და შვილებს, რადგან ამ სირცხვილით გიწევს ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით.
გეტყვით, რატომ ვისმენდით ამ სამარცხვინო გამოსვლას მშვიდად - იმიტომ, რომ თქვენი „ლუბლიანკაზე“ დაწერილი ტყუილების, ამხანაგო ღარიბაშვილო, აღარავის სჯერა ამ ქვეყანაში. ევროპა ძალიან მალე გამოაქვეყნებს შეფასებას და საჯაროდ გეტყვით იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა გეუბნებიან, რომ არცერთი მოთხოვნა არ შეგისრულებიათ და ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის გარეშე ტოვებთ. მერე სად გაიქცევით, არ ვიცი. ორბანთან მეგობრობა გააგრძელეთ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0