04/05/2023
23:24
სამართალი
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შესახებ, რა დროსაც მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი ადამიანი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სროლა ორმხრივი იყო. ერთმა პირმა ორი ადამიანის მისამართით გაისროლა, რა დროსაც მათგან ერთი დაჭრა, დაჭრილის თანხმლებმა პირმა კი თავდამსხმელი მოკლა.
„ვიცი, რომ სამი ადამიანი დახვდა ერთმანეთს, ერთმა ესროლა მეორეს და დაჭრა. დაჭრილს ვინც ახლდა, იმან ამოიღო იარაღი და ესროლა ამ კაცს და მოკლა. სროლის ხმა მესმოდა, ძალიან ბევრი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 10-მდე გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო”, - აცხადებს კიდევ ერთი მოქალაქე.
დაჭრილია 2 მოქალაქე. ერთ-ერთი დაჭრილი თავდამსხმელის სამიზნე იყო, ხოლო მეორე დაჭრილი - რიგითი გამვლელი აღმოჩნდა, რომელიც მარკეტიდან გამოდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.
გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელი 40 წლამდე საბა გახოკიაა, რომლის განეიტრალებაც ბიზნესმენის დაცვამ შეძლო.
არსებული ვერსიით, თავდამსხმელის სამიზნე ბიზნესმენი გაჩო მარგველაშვილი იყო, რომელიც მიყენებული ჭრილობებით კლინიკაშია გადაყვანილი.
0
0