
სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრების მონაწილეები იკრიბებიან.
ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე მოხდება, გაფართოებული კრება კი, 13:00 საათზე დაიწყება.
საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.
ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ იქნება პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხის საშუალებით. კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლის დროს ღონისძიება დაიხურება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობა ექნება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს. პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
სამი მღვდელმთავარი, რომელმაც სინოდზე ხმათა უმრავლესობა მიიღო, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის მე-13 გაფართოებულ კრებაზე მიიღეს.
0
0