
როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მზეც ჩაესვენა და ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მზეც ესვენება. ამიტომ გადაწყვიტა, იქით შეუტიოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“
„როდის იყო ზურაბიშვილი ძლიერი, ახლა რომ ამბობს, სუსტიაო? მაშინ, როცა ქვეყანას ღალატობდა, პრეზიდენტის ფუნქციები ჰქონდა და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა? ახლა არც ფუნქციები აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად დადის. გახსოვთ, როცა მომხრე ვიყავით, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე ყოფილიყო? ზურაბიშვილი ვუსურვეთ და ლიდერად მიიღეს. ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი სუსტია და ასე შემდეგ. ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდა, მაგრამ მათ არავინ შეეკითხა. ზურაბიშვილიც და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ უცხოეთიდან მართულები არიან. შესაბამისად, უცხოური ძალა ზურაბიშვილის ლიდერობას არც გუბაზ სანიკიძეს და არც ლევან ხაბეიშვილს არ ჰკითხავდა. როგორც დაალაგეს, ისე შეასრულეს. ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ. ვამბობდით, როცა პოსტიდან წავა, თავზე დააცხრებიანო და ეს დღეც დადგა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0