
ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია.
„შორიდან რომ გამოანათებ პირიმზესავით და ორ თვეში ერთხელ გამოჩნდები, რაღაც იდეას გამოაცხადებ და თან სურვილი გაქვს, ამ ყველაფრის უფროსი იყო, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს, ვადასტურებ მისი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემას, მაგრამ მისი პოზიციები ძალიან სუსტია უკვე“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ერთიანობა არის გარედან შემოგზავნილი თემა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას“, – სანიკიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა.
„მე შემოვუგდე? პროვოკატორი ვარ? და ჩემნაირებმა ქალბატონ სალომეს, რომელიც ახლა ეცნობა თავის სამშობლოს? ესეიგი, ჩვენ პროვოკატორები ვართ, დავუშვათ. კოორდინაცია რაში გამოიხატება, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეში შეთანხმება არის? რამეს მოაბა ამ ქალმა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა. არ არის ასე? თუ რამე ვალი გვაქვს ამ ქალის. ამიტომ, გამოფხიზლდეს ყველა, მე იმიტომ დავანებე პოლიტიკას თავი, რომ ეს პოზიცია სჯობია ახლა ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც. რაც არ მომეწონება, ვიტყვი, არაფერს და არავის ანგარიშს არ გავუწევ უკვე, რადგან ჩვენს სამშობლოზე, ჩვენი შვილების სამშობლოზე და მომავალზეა საუბარი. უნდა დაიმსახურო ლიდერობა. ძალიან რთულია საქართველოში ლიდერობა და ერის წინამძღოლობა. ხშირად სიკვდილ-სიცოცხლეზე გადის. მთელი ჩვენი ისტორია ამაზე მეტყველებს. ეს შეწირულების ქვეყანაა. შეკითხვებს კი არ უნდა გავექცეთ და გადავადებაზე კი არ უნდა ვიჩალიჩოთ, რომ ახლა ამის დრო არ არის, მაშინ ვინმემ მითხრას, როდის დადგება ამის დრო? როცა აქციები დაიწყო, პირველი ერთი თვე, თვეზე მეტი ხელისუფლებას ეშინოდა ამ აქციების, ახლა აღარ ეშინია. გავახსენოთ შიში. მეც ვამთავრებ ყბადაღებული ერთიანობის თემას, რადგან ბევრმა ვერ გაიგო, რას ვგულისხმობ, ვიღაცას ჰგონია, რომ საერთო სიას ვგულისხმობ. რა დროის საერთო სიაა, ჯერ არჩევნებია მოსაპოვებელი. ერთიანობას როცა ვამბობ, ვგულისხმობ, პრეზიდენტთან უნდა ყოფილიყო კონსოლიდირება, ოპოზიციის და საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანების კონსოლიდაცია, რომლებიც ტექნიკურ საკითხებს გაივლიდნენ. რომ ვითხოვთ ამ არჩევნებს, როგორ არჩევნებს ვითხოვთ, რანაირად ვითხოვთ, ვინ ნიშნავს ამ არჩევნებს, როგორ ინიშნება ეს არჩევნები? ამ მთავრობის ხელში ტარდება, ტექნიკური მთავრობა უნდა მოვიდეს, თუ კოალიციური მთავრობა, თუ შეთანხმება უნდა მოხდეს. თუ შეთანხმება არ უნდა მოხდეს, მაშინ გამწვავება უნდა მოჰყვეს ამას“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
0
0